ოპოზიციაში კონფიგურაციას დაალაგებს უცხოური ძალა, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა, ვერაფერს აკეთებენ, აგენტი როცა ხარ, ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციაში კონფიგურაციას დაალაგებს უცხოური ძალა, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა, ვერაფერს აკეთებენ, აგენტი როცა ხარ, ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, უცხოური ძალა ცდილობს, ისეთი ცენტრი შექმნას, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერი გაადალახვინოს.

„ოპოზიციაში კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, ყველა ამბობდა, ცენტრს თვითონ შექმნიდა, ვნახეთ, რომ ნიკა მელია, რომელიც ორი წლის განმავლობაში ოლიგარქს უწოდებდა კეზერაშვილს, აგინებდა, უკვე ჩაახუტეს კეზერაშვილს, დააქორწინეს და მეჯვარე გვარამია ჰყავს.

უცხოური ძალა ცდილობს, ისეთი ცენტრი შექმნას, რომელსაც შეეცდებიან, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადაალახვინონ. ასეთი დარჩა გახარია და „ლელო“, ხაზარაძე. მართალია, მათ შორის დაუძინებელი მტრობაა, მაგრამ მელია კეზერაშვილს ჩაახუტეს და, წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლა გახარიასა და ხაზარაძეს პოლიტიკურად დააქორწინებენ. ამ ორი ადამიანის პოლიტიკური ქორწინების დისკომფორტი ხალხში მწვავედ რომ არ გამოჩნდეს, ამიტომ არსებობს ეს ფორმატები. ჩუგიშვილი იქნება, ბესელია თუ თავში ლგბტ დროშით ზურაბიშვილი, შეეცდებიან, ამას გადააფარინონ, თითქოს მარტო ეს ორი პიროვნება კი არ დაქორწინდა პოლიტიკურად, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ, არამედ სხვა პოლიტიკური, ვითომ ევროპული ძალა არსებობს.

არ გვინდა, საზოგადოება შეცდომაში შევიდეს. არცერთ შემთხვევაში არ დაიჯერონ, რომ „ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს“. გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს ჩამოართმევენ ხელს. გარდა იმისა, რომ გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე – მატყუარას – გახარიას, პიროვნული ამბიციებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთიც და მეორეც ფიქრობს, რომ ის ლიდერია არა მარტო თავის პარტიაში, არამედ ოპოზიციაში. როგორ უნდა გააკეთონ, ხაზარაძე უნდა იყოს ლიდერი თუ გახარია? მელია-გვარამიამ გამოსავალი მოძებნეს და თავიანთ პარტიაში ორივე თავმჯდომარე გახდა, არცერთი არ არის უფროსი, თავმჯდომარეობა ვერ გაიყვეს. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ლანძღავდნენ, პრობლემა ის არის, ვინ უფრო წინ დადგება მათი ამბიციებიდან გამომდინარე. ეს ძალიან რთულად გადასაწყვეტი იქნება. ამიტომ ვუწოდებთ სპექტაკლებს. უცხოური ძალა აძალებს და ვერაფერს აკეთებენ. აგენტი როცა ხარ და ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები. არადა, აქ პიროვნული ამბიციები სჭარბობს – სად იქნება და რა კონფიგურაციით, ამას მალე დავინახავთ, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ერთი ხის ფესვებიდან ამოსული ყლორტია. რა მნიშვნელობა აქვს, მარცხნივ, მარჯვნივ თუ საით გადაიხრება ეს ყლორტები, ცალკე გამოვლენ თუ ერთიანად, ეს არის ძირი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.