"ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი - მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლებულია და არ იციან, რა უნდა გააკეთონ" - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

დაპირისპირებაა ოპოზიციაში - ამჯერად, მიზეზი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება გახდა, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციამ, მოსახლეობაში ომის საფრთხის შიშის გასანეიტრალებლად, მოკლე გზავნილი ვერ შეიმუშავა. ჯაფარიძის პოზიციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისივე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და დაწერა, რომ "უნდა ჩამოყალიბდნენ, "ოცნებამ" ეფექტური მესიჯით მოიგო არჩევნები, თუ არჩევნები გაყალბდა?!". არაერთგვაროვანია სხვა პარტიების პოზიციები, რაც სახელისუფლებო გუნდისთვის სიახლე არ არის.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება მორიგი დასტური და აღიარებაა, რომ ჩატარებულ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

"ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი და ის პიროვნებები, რომლებიც დაჯგუფებულები არიან, თავიანთ პარტიებშიც კი დიდი სიმპათია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. ის ოთხი რადიკალური პარტია, რომელიც გააერთიანეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუდის ქვეშ, მათი ხვედრია ეს, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და უფლება არ აქვთ, შეეწინააღმდეგონ. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ის, რომ მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა, ეს იყო ჩვენი ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები. ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან გამოცდილია, შესაბამისად, მათ ეს საფრთხე რომ დაინახეს და რეალურად "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 54% ამ არჩევნებზე. გაყალბებასთან დაკავშირებით, თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ზღაპრები, რომელიც მეორე დღიდანვე გამოიყენეს, აბსოლუტურად არაფერი მოხვედრილა ეუთო/ოდირის ანგარიშში. მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის სრულიად გაქარწყლებული. არ იციან, რა უნდა გააკეთონ, შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს, ეგეც არ იციან", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.