ოპოზიციაში არიან ისეთი გარეწრები, რომლებიც ევროპარლამენტარებს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეო - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

"დანამდვილებით ვიცი, რომ ქართულ ოპოზიციაში არიან ისეთი გარეწრები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის წინ დადიოდნენ და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეო. ისინი ცოცხლები არიან, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ დადიოდნენ და საქართველოს სტატუსი არ მისცეო, ამას ეუბნებოდნენ", – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა "პირველს არხს" განუცხადა.

ასევე, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ოპოზიცია ხელისუფლების შეცდომებით სარგებლობს, დადიან ბრიუსელში, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება“:

„პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან „ქართული ოცნება“ მიეჩვია ევროპარლამენტარებზე ისე ლაპარაკს, როგორც მიჩვეულია საკუთარ ოპონენტებთან და მათ ნაწილს უკვე ეძახის კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიანო. ეს რაღაც საყმაწვილო სენია, რომ იმ ადამიანებს ლანძღავ, რომელთაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს ევროპის პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, აქ ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგაც სცოდავს, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს და პარტიულ შიდა ინტერესებს ვერ ანახვავებს და ამით შეგნებულად აზიანებენ ქართულ სახელმწიფოს.

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარებს ისე გაშმაგებით ლანძღავდა, ოპოზიციონერები ჩემზე ვერაფერს რომ ვეღარ ამბობდნენ და ჩემზე იძახდნენ ელისაშვილს რამხელა ცხვირი აქვსო, დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდნენ ევროპარლამენტარებზე. რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას, ღმერთმა დამიფაროს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ვინმეს რამე ვუთხრა და ამ კრიტიკას საკუთარ თავზე ვერ მივიღებ.

არ ვიცი, ახლა ბრიუსელში ვინ და როგორ დადის, ან როგორ ცდილობენ ოპოზიციიდან, რომ შეაფერხონ ეს პროცესი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ქართულ ოპოზიციაში არიან ისეთი გარეწრები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის წინ დადიოდნენ და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეო. ვიცი, რომ ასეთები დანამდვილებით არიან. ისინი ცოცხლები არიან და არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ესენი დადიოდნენ და საქართველოს სტატუსი არ მისცეო, ამას ეუბნებოდნენ.

გიორგი კანდელაკზე ამბობენ, რომ ევროპარლამენტში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და არწმუნებდა ევროპარლამენტარებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიეცათ. ამას ვამბობ დანამდვილებით, რადგან პირადი კონტაქტებიდან ვიცი. ახლაც არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იყოს ტვინარეული, მიდიოდეს და ევროპელ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს არწმუნებდეს, რომ საქართველოს ეს პერსპექტივა არ მისცენ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური საკითხია, პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ საქმიდან გამომდინარე არ დაეკავებინათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე ნახეთ:

👉 VIDEO: „ანეკდოტები მოვუყევი" - ბუბა კიკაბიძემ სააკაშვილი მოინახულა

👉 ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს - შალვა პაპუაშვილი