9:17
ოპოზიციას რესურსი არ აქვს, ქვეყანაში რაიმე რეალური შექმნას და რეზოლუციებს გარედან ახმარენ, რაც ტაქტიკურად წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას ემსახურება - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას რესურსი არ აქვს, რომ ქვეყანაში რაიმე რეალური შექმნას, რის გამოც გარედან რეზოლუციებს ახმარენ, რაც წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას ემსახურება.
ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს თაობაზე ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„ამ პოლიტიკის განმახორციელებლებს ამოსავალი წერტილი აქვთ ის, რომ მათ ქართველი ხალხის არჩევანი არ მოსწონთ, რადგან მათ თავიანთი არჩევანი და თავიანთი საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. იმის მომსწრე ვიყავით, როგორ უხეშად და ფეხქვეშ გათელეს ქვეყნის სუვერენიტეტი, დემოკრატიის პრინციპები, მათ შორის დიპლომატიური ქცევის კოდექსი და ა.შ. ფაქტობრივად, არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ბუნებრივია, მათ ეს დამარცხება აღიქვეს როგორც პირადი შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ის მოახდინეს, რასაც ახდენენ – დაპირისპირების, გამწვავების და ამის წახალისების მიმართულებით. ოპოზიციას რესურსი არ აქვს, ქვეყანაში რაიმე რეალური შექმნას და ასეთი ტიპის რეზოლუციებს გარედან ახმარენ, რაც ტაქტიკურად წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას ემსახურება. სინამდვილეში, ეს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს. რა თქმა უნდა, დრო მოვა და ამაზე პასუხის გაცემა გარკვეულ ძალებს მოუწევთ – რით იყო განპირობებული ის, რომ საქართველო პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად აქციეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.