ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწევს ხალხთან დალაპარაკება, განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არაა, ეს მათი ნირი და წესია.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, რომ მოსცილდნენ საკუთარ ფეისბუკ-გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ. და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხალხის რისხვის პირველი ტალღა ოპოზიციამ ამ დღეებში უკვე მიიღო.

„დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა ვინც ომში მიგვაქანებდა, მშვიდობაზე ალაპარაკდა, ყველა, ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა. მაგრამ ქართველმა ხალხმა მათი ფარისევლური სახე დიდი ხანია, ამოიცნო. ბოლო ორი წელი საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, სად დგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში. დრომ დაადასტურა, რომ არცერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, რა სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, არამედ იმას, რა სჭირდებოდათ სხვებს და რომელ სიტყვად თუ ნაბიჯს შეუქებდნენ გარედან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.