ოპოზიცია მზად არის, გმირების სახელებს ამოეფაროს, ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია მზად არის, გმირების სახელებს ამოეფაროს, ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გამოჩნდა სახე არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო სექტორის.

„ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, აქაც აჩვენა თავისი სახე. მზად არიან, ყველა საკითხზე სპეკულაციაში ჩაყვნენ, მათ შორის ამოეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი დასახიჩრდა, როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები. ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან, თითქოს საუბარი იყოს, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა, 2008 წელს იქნებოდა, თუ სხვა დროს.

ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. ის, რაც მიატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ჰააგისა და სტრასბურგის პროცესები, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები, „ქართულმა ოცნებამ“ შემოატრიალა და ორივე საქმე მოიგო. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ დასჯილი უნდა იქნას ის, ვინც 2008 წელს ომის დანაშაული ჩაიდინა. სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ე.წ. შსს მინისტრზე და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები. ომის დამნაშავეები პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე. მათ, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები, მათ შორის აწამა ანწუხელიძე, მართლმსაჯულებით მოეთხოვებათ პასუხი.

გამოჩნდა სახე არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, ჩვენი არასამთავრობო სექტორის, რომელმაც ოს ხალხს უწოდა მკვლელები და პირდაპირ გააიგივა ოსი ხალხი ომის დამნაშავეებთან. წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში უცხოეთიდან ჩასხმული მილიონები თითქოსდა კონფლიქტის მოგვარების საკითხებს უნდა მომსახურებოდა, აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო სექტორმა ოსი ხალხი გამოაცხადა ომის დამნაშავეებად, რომელთანაც, მათი გადმოსახედიდან, არაფერი სალაპარაკოც არა აქვთ, რაც, ფაქტობრივად, სკანდალია. კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა კრიზისში იმყოფება არასამთავრობო სექტორი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს. შერიგება კი გულისხმობს სინანულს და ურთიერთპატიებას. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ერთიან საქართველოსკენ. გარკვეულწილად იყო სახის ჩვენება ოპოზიციის და რაც კიდევ უფრო სკანდალურია, არასამთავრობო სექტორის, რომ სინამდვილეში, მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა არც კი ესახებათ. შეგახსენებთ, ეს ხალხი, მათ შორის „ენჯეოს“ წარმომადგენლები უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ამბობდნენ, რუსეთი ახლა დასუსტებულია და შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო, იარაღი უნდა ვიყიდოთ და შევვარდეთ ერთ, თუ მეორე ტერიტორიაზეო. ამით აჩვენებენ, რომ, სინამდვილეში, მათ არც არასდროს სდომებიათ მშვიდობა, ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში, ეს გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.