რომელი მცენარეების მოსავალი გადაარჩენს კაცობრიობას პოსტაპოკალიფსურ სამყაროში - კვლევა

მცენარე

თუ კაცობრიობას გლობალური კატასტროფა დაატყდება თავს, მაგალითად ბირთვული ზამთარი, მილიონობით ადამიანი შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ მოსავალზე უნდა დავამყაროთ იმედები, რათა მოსახლეობის გამოკვება საშუალო ზომის ქალაქშიც კი იყოს შესაძლებელი.

ახალი კვლევის მიხედვით, ბირთვული კატასტროფის ან სხვა მსგავსი გლობალური კრიზისის შემდეგ ურბანულ და მასთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე ხალხის გამოსაკვებად რამდენიმე მცენარის მოყვანაა ხელსაყრელი. ესენია: ისპანახი, შაქრის ჭარხალი, ხორბალი და სტაფილო.

PLOS One-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საშუალო ზომის ქალაქის მაგალითია განხილული — ახალ ზელანდიაში მდებარე პალმერსტონ-ნორთის. ის მეცნიერებმა იმიტომ შეარჩიეს, რომ გეოგრაფიულად მსოფლიოს უამრავ სხვა ქალაქს ჰგავს: შიდა ტერიტორიაზეა, დაბალი სიმჭიდროვისაა და ე.წ. სუბურბანული ტიპის სახლებს მოიცავს.

მკვლევრებმა Google-ის სატელიტური სურათების გამოყენებით ქალაქში არსებული მწვანე სივრცეები გააანალიზეს (ეზოები, პარკები) და გამოთვალეს, რამდენი ადამიანისთვის იქნებოდა საკმარისი იქ მოყვანილი მოსავალი. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მოყვანილი მოსავალი ნორმალურ პირობებში იქაური მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს დააპურებს, ბირთვული ზამთრის შემთხვევაში კი — 16%-ს.

შესაბამისად, გადარჩენისთვის ქალაქგარეთ მდებარე მიწების გამოყენება გახდება აუცილებელი. პალმერსტონ-ნორთისთვის ეს საკვები კულტურისთვის დამატებით დაახლოებით 1140 ჰექტარს მოიაზრებს, ხოლო 110 ჰექტარი ბიოდიზელის წარმოებისთვის იქნება საჭირო, რათა ტექნიკამ იმუშაოს.

ნორმალურ კლიმატში მოსაყვანად საუკეთესო ბარდა აღმოჩნდა. ის პროტეინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა და ქალაქის პირობებში კარგად ხარობს. მისი მოყვანით ერთი ადამიანის წლიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიწის დაახლოებით 292 კვადრატული მეტრი ფართობია საჭირო. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, კომბოსტოსა და სტაფილოს შემთხვევაში (777 კვ.მ).

ამის მიუხედავად, ბარდა ყინვას ვერ უძლებს. შესაბამისად, თუ ბირთვული ზამთარი დადგება, უფრო გამძლე კულტურები იქნება საჭირო. ასეთ პირობებში მეცნიერებმა საუკეთესო არჩევანად ისპანახი და შაქრის ჭარხალი მიიჩნიეს. ქალაქგარეთ მოსაყვანად საუკეთესო ნორმალურ კლიმატში კარტოფილი აღმოჩნდა, ბირთვული ზამთრისას კი — 97% ხორბლისა და 3% სტაფილოს კომბინაცია. ეს მცენარეები დაბალ ტემპერატურასა და მზის სხივების ნაკლებობას უკეთ იტანს.

ვინაიდან ქალაქების დიდი ნაწილი მდინარეებთან ახლოს გაშენდა, ნაყოფიერ ნიადაგზე, ადგილობრივი საკვების წარმოების ფარული პოტენციალი დღესაც ბევრ მათგანს აქვს. კვლევის ავტორები აღიარებენ, რომ რეალურ სამყაროში მაინც მრავალი გაურკვეველი ფაქტორია: ნიადაგის ხარისხი, წყლის ხელმისაწვდომობა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები. ასეა თუ ისე, უკანასკნელი კვლევა შეიძლება საინტერესო იყოს იმ ქალაქებისთვის, რომლებშიც ურბანული მეურნეობის განვითარებას სერიოზულად განიხილავენ.

წყარო