1746733863
ევროკავშირი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით, 1,9 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით, 1,9 მილიარდ ევროს გადასცემს. შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ლვოვში ვიზიტისას ხელი მოაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამ არხზე“ წერს, 1.9 მილიარდი ევროს დახმარება უკრაინას რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან გადაეცემა.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინისთვის იარაღი შეძენილი იქნება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით“, – წერს დენის შმიგალი.
დენის შმიგალის თქმით, ამ თანხიდან ერთი მილიარდი ევრო მიმართული იქნება ე.წ. დანიური მოდელით იარაღის შესყიდვაზე – უშუალოდ უკრაინელი მწარმოებლებისგან.
„ამრიგად, ჩვენ არა მხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვის უნარს, არამედ ვასტიმულირებთ ეკონომიკასა და ინოვაციებს ჩვენს თავდაცვის-სამრეწველო კომპლექსში. განსაკუთრებული მადლობა დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებსა და იტალიას, რომლებიც განახორციელებენ უკრაინული იარაღის შესყიდვებს ერთი მილიარდი ევროს ოდენობით“, – წერს შმიგალი.
ამასთან, კიდევ 600 მილიონზე მეტი ევრო გამოყოფილი იქნება არტილერიისა და საბრძოლო მასალებისთვის, 200 მილიონზე მეტი კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
„დანიური მოდელი“ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსების მექანიზმია, რომელიც 2024 წლის აპრილიდან მოქმედებს. ეს გულისხმობს დანიის მთავრობის მიერ უკრაინის თავდაცვის საწარმოების დაფინანსებას. უკრაინა ადგენს დაფინანსების მომთხოვნი კომპანიების სიას, დანიელი სპეციალისტები კი ამოწმებენ რეკომენდებულ კომპანიებს, აფასებენ მათ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას კონტრაქტების შესრულებაში.