ოხანაშვილი შავგულიძეს: გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე და ეს არის თქვენი სახე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ადვოკატი ხართ და იყავით, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ

ანრი ოხანაშვილი

გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე და ეს არის თქვენი სახე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ადვოკატი ხართ და იყავით, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ შალვა შავგულიძეს, რომელმაც ამავე კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ის საკითხები, რომელიც საერთოდ არ დგას დღის წესრიგში, ამ საკითხზე აპელირებს კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატი.

„არ ვიცი რას ემსახურება ეს, მაგრამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დასვით შეკითხვა რაც იცვლება. პირველი მოსმენით რომ იხილავთ საკითხს, წარმოუდგენელია. ათი წუთია გისმენთ და ვერ დაასრულეთ აზრი.

სამწუხაროა, რომ თქვენთან შინაარსობრივ მსჯელობას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ თქვენ ამ სივრცეს თქვენთვითონვე ახშობთ და არ გინდათ შინაარსობრივ განხილვაში შემოსვლა. ეს არის სამწუხარო და საუბრობთ იმ საკითხებზე, რომელიც პირველი მოსმენის ფარგლებში პრინციპების დონეზე ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ეს საკითხები თავის დროზე განვიხილეთ, ჯერ კიდევ წინა ცვლილებების დროს, თავის დროზე ვთქვით, რომ საკვალიფიკაციო პალატა ვერ ჩაანაცვლებს კონსტიტუციურ ორგანოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის ექსკლუზივიც არის გადაწყვეტილებების მიღება“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა შალვა შავგულიძეს.

9 ნაბიჯის შესრულების ფარგლებში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.