1753472160
ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადაზვერვო მასალების მანიპულაციას, რომელიც მიზნად ისახავდა ინაუგურაციამდე ტრამპის დელეგიტიმაციას - ტულსი გაბარდი

ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადაზვერვო მასალების პოლიტიზაციას და მანიპულაციას, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის დელეგიტიმაციას, ვიდრე მისი ინაუგურაცია მოხდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინსტრაციაში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
ტულსი გაბარდის თქმით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა ამერიკელი ხალხის ნების უზურპაციას.
ტულსი გაბარდის განცხადებით, სადაზვერვო მასალები აჩვენებს, რომ 2016 წლის არჩევნების დროს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესი იყო აშშ-ის დემოკრატიული პროცესის მიმართ რწმენისადმი ძირის გამოთხრა და არ აჩვენებდა რაიმე უპირატესობას რომელიმე კანდიდატის მიმართ.
ტულსი გაბარდის თქმით, მასალები მიუთითებს, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელმძღვანელობდა ამ სადაზვერვო შეფასების შექმნას.
„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის, რიკ კროუფორდის მხარდაჭერით და კოორინაციით, ჩვენ გამოვაქვეყნეთ საზედამხედველო ორგანოს მუშაობის შესახებ გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც წარმოებული იყო 2020 წლის სექტემბერში. განსაცვიფრებელი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეს გამოვაქვეყნეთ, ყველა ამერიკელს უნდა აწუხებდეს. ეს არ ეხება დემოკრატებს და რესპუბლიკელებს, ეს ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთიანობას უკავშირდება, ასევე ამომრჩევლების რწმენას, რომ მიცემული ხმები ჩაითვლება. არის უდავო მტკიცებულება, თუ როგორ უბრძანა პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა სადაზვერვო საზოგადოების ანგარიშის შექმნა, რაც იცოდნენ, რომ ტყუილი იყო. მათ იცოდნენ, რომ ეს ხელს შეუწყობდა ხელოვნურ ნარატივს, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში, რომ რუსეთმა დაეხმარა პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებაში. ამერიკელ ხალხს წარუდგინეს, რომ ეს მართალი იყო, ეს არ იყო მართალი. მათ საეჭვო წყაროებიდან შეთხზეს დასკვნები, დამალეს მტკიცებულებები და სანდო სადაზვერვო მასალა, რაც არ ეთანხმებოდა მათ ყალბ მოსაზრებებს. ამერიკელ ხალხს სიმართლე დაუმალეს. ამერიკელი ხალხის ნების საბოტაჟისთვის შეთქმულება მოაწყვეს, ვინც აირჩია დონალდ ტრამპი 2016 წლის ნოემბერში. ისინი მუშობდნენ მათ პარტნიორებთან ერთად მედიაში, ამ ტყუილის ხელშეწყობისთვის, რაც ძირს უთხრიდა პრეზიდენტის ტრამპის ლეგიტიმაციას და დაიწყეს წლების განმავლობაში გადატრიალება მის წინააღმდეგ. ამერიკელი ხალხი იმსახურებს სიმართლეს, ანგარიშვალდებულებას და სამართლიანობას“, – განაცხადა ტულსი გაბარდმა.