ნიკოლოზ სამხარაძე: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მოწინავე ქვეყნების კალათაში ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაა, ეს მხოლოდ ამ ინდიკატორით არ დასტურდება, უამრავი სხვა ინდიკატორი და კვლევაა, რომელიც ამას ადასტურებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა დაასკვნას, რომ ნებისმიერი ობიექტური კვლევა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე, აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა დაცვას, კარგ მმართველობას, ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას და ა.შ.

„სადაც მიკერძოებაა და პოლიტიკური ინტერესია, საქმე გვაქვს სრულიად სხვაგვარად, ტყუილებით გაჯერებულ დოკუმენტთან. ამიტომ, ჩვენ ყურადღება სწორედ ასეთ დოკუმენტებს და ასეთ კვლევებს უნდა მივაქციოთ და ევროპარლამენტის რეზოლუცია უნდა დავაიგნოროთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე  ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში.

✕