ნიკოლოზ სამხარაძე: სასიხარულოა, რომ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ქვეყნებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მათი პოზიცია არაღიარების პოლიტიკის თაობაზე არ გადაიხედება

ნიკოლოზ სამხარაძე

სასიხარულოა, რომ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ქვეყნებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მათი პოზიცია არაღიარების პოლიტიკის თაობაზე არ გადაიხედება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელმაც ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

„დღეს სრულდება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუანდაში, მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ყოველწლიურ ასამბლეაზე. ჩვენ საკმაოდ პროდუქტიული ვიზიტი გამოგვივიდა იქიდან გამომდინარე, რომ 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას შევხვდით. დელეგაციები წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარეების ან ვიცე-სპიკერების დონეზე.

შეხვედრაზე გვქონდა დეტალური და სიღრმისეული დისკუსია. ვისაუბრეთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, ვისთანაც არ გვაქვს ხშირი კავშირი. ეს ქვეყნებია აფრიკის კონტინგენტის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკული ქვეყნები და წყნარი ოკეანის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ძირითადი განსახილველი საკითხები იყო - რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საერთაშორისო ფორუმებზე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. სასიხარულოა, რომ ამ ქვეყნებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანამ თქვა, რომ მათი პოზიცია არაღიარების პოლიტიკის თაობაზე არ გადაიხედება, თუმცა ასევე იყო გამოთქმული ერთგვარი თხოვნა იმის შესახებ, რომ მათ რაც შეიძლება ხშირად მოვაწოდოთ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენი მუშაობა მხოლოდ ამ სესიით არ შემოიფარგლება და ამ ქვეყნებთან ინტენსიურ თანამშრომლობას ინტენსიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა სამხარაძემ.