ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი აზიასა და ევროპას შორის მსხვილ სატრანზიტო კვანძებად იქცნენ

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი აზიასა და ევროპას შორის მსხვილ სატრანზიტო კვანძებად იქცნენ.

„მნიშვნელოვანია აგრეთვე ხაზი გავუსვათ ჩვენი ქვეყნების სამმხრივ ურთიერთობას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში, სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების სფეროებში და აგრეთვე სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა პროექტებში. საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი აზიასა და ევროპას შორის მსხვილ სატრანზიტო კვანძებად იქცნენ. გაზის სამხრეთ კორიდორი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს და ევროპისთვის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის წყალობით სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფანი სამმხრივ თანამშრომლობას ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში აძლიერებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ამყარებს კავშირს ჩვენს რეგიონსა და დასავლეთს შორის“, - განაცხადა სამხარაძემ ბაქოში აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მეტად აფართოებს სამმხრივ თანამშრომლობას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მეტად აფართოებს სამმხრივ თანამშრომლობას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ახალი წყალქვეშა კაბელი შავ ზღვაში არის უნიკალური შესაძლებლობა გარდაქმნას რეგიონი სტრატეგიულ ენერგეტიკულ ცენტრად და ამით გააუმჯობესოს შიდა ენერგეტიკული ბაზარი და ხელი შეუწყოს სუფთა ენერგიაზე გადასვლას და უპრეცედენტო კონტინენტთაშორის კავშირს.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის რესპუბლიკას, თურქეთის რესპუბლიკას მათი მტკიცე თანამშრომლობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის არაღიარების პოლიტიკის მეშვეობით, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით და სხვა საერთაშორისო პლატფორმებით. მომავალში ველი ჩვენს სამ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს პროგრესს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეებზე“, - აღნიშნა სამხარაძემ.