ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუ ევროკავშირის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხები მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

ნიკოლოზ სამხარაძე

ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ისევე როგორც ევროკავშირმა ფინანსური დახმარების გამოყოფა დამასკოს ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას არ დაუკავშირა, იგივე ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევის კიდევ ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერას - წყნარ ოკეანეში მდებარე ნაურუს.

„ძვირფასო კოლეგებო, უკანასკნელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენეს მსხვილი ქვეყნების ერთგულების სისუსტე საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების მიმართ, ისეთების, როგორიცაა ტერიტორიულ მთლიანობა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, რომლის რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ხოლო ასეულობით ათასი იძულებით გადაადგილებული ქართველი ტრავმირებულია და ეს სამ ათეულ წელზე მეტხანს გრძელდება. ადგილზე ვითარებას უფრო ამძიმებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ე.წ. „ხელისუფლება“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავს. საოკუპაციო ძალები ქართული ეკლესიების სისტემური ცვლილებებითა და გადაღებვით არიან დაკავებულნი, ისინი მიზანმიმართულად შლიან ქართულ რელიგიურ და კულტურულ ნაკვალევს იმ მიწაზე, რომელიც ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. გატაცებები, გამოძალვები და ქართველი მოქალაქეების მკვლელობებიც კი, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობენ, რუსული ძალების მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამასთან დაკავშირებით ზოგი ქვეყნის მთავრობების, რომლებიც საქართველოს მეგობრებად უწოდებენ საკუთარ თავს, ყოყმანი, უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევს. დღემდე მრავალი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის აღწერისას თავს იკავებს ტერმინ „ოკუპაციის“ ოფიციალური გამოყენებისგან. უფრო მეტიც, საერთაშორისო სამართლის მდგრადი მცველების პოზიციონირებით მათ მეგობრულ ურთიერთობები აქვთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მოსკოვის მოთხოვნით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ, რითაც საერთაშორისო სამართალს არღვევენ. აი, ორი ნათელი მაგალითი: ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2026-2027 წლებისთვის სირიისთვის ფინანსური დახმარების მსხვილი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც 600 მილიონ ევროს აღემატება. თუმცა ევროკავშირმა ფინანსური დახმარების გამოყოფა დამასკოს ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას არ დაუკავშირა. იგივე ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევის კიდევ ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერას - წყნარ ოკეანეში მდებარე ნაურუს. ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული, GLobal Gateway-ის ინიციატივა და ა.შ., რომლებიც კლიმატური მდგრადობის, მდგრადი განვითარების, საჯარო ფინანსების მმართველობაზეა ორიენტირებული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს უფრო უთხრის ძირს. ამიტომ, ნებისმიერ ფინანსური დახმარება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დამრღვევებს გადაეცემა, მის მიერ ძირითადი ნორმების პატივისცემას უნდა უკავშირდებოდეს“, - განაცხადა სამხარაძემ.