ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში - განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, პეტრა ბაიერთან და ასევე მედია თავისუფლების საკითხებში, ეუთოს წარმომადგენელთან იან ბრაატუსთან.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში. მე პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საქართველო მზად არის დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასამბლეა გაითვალისწინებს საქართველოს პირობებს. ანუ, პირობა არის ერთადერთი - საქართველოს დელეგაციის მანდატები იყოს სრულყოფილად აღიარებული, ყველანაირი წინაპირობების გარეშე.

გახსოვთ, ჩვენ შარშან დავტოვეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ მიზეზით, რომ რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს უნდა ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ შევიჩერეთ წევრობა. თუმცა, მე განვუცხადე პრეზიდენტს, რომ საქართველო მზად არის დაბრუნდეს ასამბლეაში იმ შემთხვევაში, თუ არანაირი წინაპირობები აღარ იქნება საქართველოს დელეგაციის ასამბლეაში მუშაობისთვის.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცალმხრივად გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ეს მესიჯი გადავეცით და მას ექნება პოლიტიკურ ჯგუფებთან სავარაუდოდ, ამ ტემის შესახებ საუბარი და გააცნობს ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, მათ ასევე საუბარი ჰქონდათ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და ბაიერს მიაწოდა ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის სასახლის შტურმს, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონს და სხვა კანონების მიზანშეწონილობას.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საუბარი შედგა“, - აღნიშნა სამხარაძემ.