ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს გაიგებ

ნიკოლოზ სამხარაძე

ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს ვერ გაიგებ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციები გაჯერებულია ძალიან დაბალი ხარისხის ტყუილებით.

„ევროპარლამენტი ჯერ ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტს არ აღიარებს, ახლა ამბობს, თურმე, პარლამენტში შესული პარტიის აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლაა. ანუ, თუ არ აღიარებს პარლამენტს, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი, საერთოდ ვის მოუწოდებს? თავისივე პოლიტიკაში, თავისივე ტაქტიკაში არიან გახლართულები. მათ სურდათ, რომ საქართველო ყოფილიყო იზოლაციაში, მათ ეს ვერ მოახერხეს და ახლა ამ სიტუაციის მძევალი არიან, ისინი უკან იმ ჩიხიდან ვერ გამოდიან, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობებში საკუთარი თავი შეიყვანეს. მწარე რეალობაა და მათ ამ მწარე რეალობას თვალი უნდა გასწორონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.

✕