ნიკა მელია: არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა

nika melia

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესი სხვაგვარად წავიდა და მათ ვერ მიიღეს ის საერთაშორისო მხარდაჭერა რასაც პარტია ელოდა. ნიკა მელიამ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

"ეს არის სიმართლე, მაგრამ ძალისხმევა რომ ამას არ აკლდება, ეს არის ფაქტი. ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ჩანს და არც გამოჩნდება. იმ შეხვედრების პერიპეტიებზე, რაც გაიმართა უკრაინაში, მე ახლა ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პირადად აქტიურობს უცხოელ პარტნიორებთან.

„ამ წუთის მდგომარეობით, ყველაზე ეფექტურ, პოტენციურად მიხეილ სააკაშვილისთვის, ამ პარტიისთვის სასარგებლო ველზე, საიდანაც უფრო მეტ შედეგს გამოვიტანთ, ვაქტიურობ პირადად - ეს არის ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმე სვლიანი კომბინაციის გათამაშებით, შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა, ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ხალხო," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ მიზნისთვის სწორი მომენტი უნდა იყოს შერჩეული.

"მე, რომ არა ჩვენი პარტნიორების აქტიურობა, დღესაც ციხეში ვიჯდებოდი. არანაირი ძალისხმევაც კი არ გაგვიღია 24 თებერვალს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ყოფილიყო ხმალამოღებული "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - 23 თებერვალს ხომ დამაკავეს. ძალიან მარტივად მოხდა. სამწუხაროდ, ახლა ამას ვერ ვხედავთ ჩვენ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მაშინ ერთი წერილიც კი არ მიგვიწერია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოყვა ის რეაქცია, რაც მოყვა. დღესაც ციხეში ვიჯდებოდი, 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ. ერთადერთხელ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა, იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შეუძლოდ და გორის ჰოსპიტალში მისი გადაყვანის აუცილებლობა ხდებოდა," - განაცხადა ნიკა მელიამ.