ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

ნიკა მაჭუტაძე ნატო ჩხეიძე

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მაჭუტაძემ ამის მიზეზად დაასახელა ის „გაუგებრობა“, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა.

„დეპუტატები - როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დამალვაზე საუბრობდნენ, რასაკვირველია უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არსად ვიმალებით.

იყო საუბრები ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებიან. ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, არ გვქონია არცერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი „ქართულ ოცნებასთან“, მის არცერთ წარმომადგენელთან. ჩვენ რასაკვირველია, არაფერი გვაკავშირებს კლანთან. იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი და ისედაც აქვთ მათ იქ უმრავლესობა. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში და როგორც მოქალაქეები, კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო კლანს, რომელიც არსებობს ქვეყნის სისტემაში და რომელიც საერთაშორისოდ არის დადასტურებული, სხვა არაერთი მოსაზრებების გამო“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, ვინ მისცა ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ანა წითლიძემ განაცხადა, ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს.