„ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირი მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეგრადაციას განიცდის. ოლიგარქიულმა მმართველობამ რუსეთ-უკრაინის ომი სრულად ევროპის ტვირთად აქცია და ამ წნეხმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება კონტინენტზე

ნეიტრალური საქართველო

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ წნეხს ეხმიანება, რომელიც ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დღეს ევროკავშირი სრულ მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეგრადაციას განიცდის. ჩვენ მიერ ხსენებულმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რასაც ხშირად დიფ სთეითს, იმავე გლობალური ომის პარტიას უწოდებენ, რუსეთ-უკრაინის ომი სრულად ევროპის ტვირთად აქცია და ამ წნეხმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება კონტინენტზე“.

„განსაკუთრებით საგანგაშოა ევროგაერთიანების და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღითიდღე მძიმდება. მაგალითად, კავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა, გერმანია ეკონომიკურ რეცესიას განიცდის, შეჩერებულია ის მინიმალური ზრდა, რაც თუნდაც ორიოდ წლის წინ ჰქონდა და ეს ვითარება მნიშვნელოვნად აისახება გაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებზე.

ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი და ნეგატიურია. დღევანდელ ურთულეს ვითარებას უახლოეს პერიოდში დამატებით წნეხად დააწვება არაფორმალური ოლიგარქების ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა შეიარაღებაზე მშპ-ის არანაკლებ 5% უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს − ეს ნიშნავს ქვეყნების ბიუჯეტის მინიმუმ 15%-ის მიმართვას მილიტარიზაციაზე, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ-სოციალურ ფონს ევროგაერთიანებაში და მეორე მხრივ, ევროკავშირს აქცევს ერთ დიდ სამხედრო მონსტრად, ეს კი, პირდაპირ ანადგურებს მის საფუძვლებს, რაც შექმნის დღიდან იყო - ქვეყნებს შორის ეკონომიკური/პოლიტიკური ურთიერთობა, ქრისტიანული ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.