NED-ი აფინანსებს ექსტრემისტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფეიკორგანიზაციებს, სამწუხაროდ, საქართველოში ისეთივე ხერხებს იყენებს, როგორც დანარჩენ რეგიონებში - ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარიამ

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდეც კარგად ვიცოდით, რას წარმოადგენდა NED-ი და რა პროფილებით საქმიანობს. სამწუხაროა, რომ საქართველოში, სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით ისეთივე ხერხებს იყენებს, როგორც დანარჩენ რეგიონებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „NED-ი ირწმუნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, NED-ი ახორციელებს საბოტაჟს მთელ მსოფლიოში“.

„სამწუხაროა, რომ ხშირად NED-ი ექსტრემისტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, ასევე ისეთ ფეიკორგანიზაციებს, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო იმ ე.წ. საგამოძიებო ჯგუფის დაფინანსება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ცილი დასწამა. მას არასოდეს დაუმალავს, თუ რაიმე აქვს. ეს შეურაცხყოფა იყო არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების, რადგან ასეთი ფილანტროპი ადამიანის მიმართ საზოგადოებაში პატივისცემაა და მის მართ ცილისწამებლური დასკვნა იყო. ასე კეზერაშვილი იქცეოდა, როცა გაურკვეველ პლატფორმას აფინანსებდა, რომელსაც ხაბეიშვილი ხელმძღვანელობდა. პარადოქსია, რომ კეზერაშვილი ანტიკორუფციულ პლატფორმას აფინანსებდა, რომელსაც ხაბეიშვილი ხელმძღვანელობდა. ეს რომ ანეკდოტი იყოს, გაგვეცინებოდა, მაგრამ სატირალია. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთ ხერხებს იყენებს ორგანიზაცია, რომელიც 1983 წელს დაფუძნდა და ანგარიშვალდებულია კონგრესისა და პრეზიდენტის წინაშე. ყოველ შემთხვევაში, ფეიკორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, ჩირქი მოსცხონ ხელისუფლებას და ამით დააზიანოს საქართველოს იმიჯი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.