ნებისმიერი ტიპის ექსტრემიზმი, რადიკალიზმი, რომელიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, უნდა იყოს დასჯადი - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

"ნებისმიერი ტიპის ექსტრემიზმი, რადიკალიზმი, რომელიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯადი" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

მაჭავარიანი ამბობს, რომ კონკრეტულად რა ტიპის სანქციები იქნება, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"მუშაობა უკვე დაწყებულია, გუშინ გავაჟღერე ეგ ინიციატივა. უმრავლესობა ეთანხმება ამ ინიციატივას. რა თქმა უნდა, დეტალები არის დასამუშავებელი და დღეს ძალიან რთული იქნება კონკრეტიკაზე კომენტარის გაკეთება. თუმცა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ტიპის ექსტრემიზმი, რადიკალიზმი, რომელიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯადი. რა ტიპის სანქციები უნდა იყოს და კონკრეტულად, რა ტიპის ფორმულირება, ამაზე ვმუშაობთ და შემდეგი სასესიო კვირა როდესაც იქნება, უკვე დეტალურად გვექნება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

გახდება თუ არა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი - ამ საკითხზე მმართველი გუნდი მსჯელობას იწყებს. ავტორების განმარტებით, ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე, პოლიტიკური ჯგუფების მოწოდება სახელმწიფო ინსტიტუტების არ აღიარებისკენ, ექსტრემიზმია.