ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

ნდობის ჯგუფი

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში, ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ და მისმა წევრებმა - თენგიზ შარმანაშვილმა და არჩილ გორდულაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა და თითოეული უწყებისთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე იმ საჭიროებებზე ვიმსჯელეთ, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედ სახელმწიფო უწყებებს სამომავლო საქმიანობისთვის სჭირდებათ. სამინისტროებისა და სამსახურების წარმომადგენლებმა მომავალი წლის სახელმწიფო დაფინანსების გეგმასთან დაკავშირებით დეტალური ხედვა წარმოადგინეს. აღსანიშნავი და მისასალმებელია ის, რომ 2026 წელს ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა არის გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ უწყებების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის დამატებითი რესურსები გამოინახოს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

ბიუჯეტის საკითხზე გამართულ ნდობის ჯგუფის შეხვედრას თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.