„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი: მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. კიდევ ჰქონდა იმედი ალბათ, რომ არ მოკლავდნენ

ქრისტინე ქარდავა

ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან მახსოვს, ასეთი სიტყვები, თუ როგორ სცემდა მამას რომან შამათავა. სადისტი, არაადამიანი და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რომ დაებრალებინათ მისთვის,- ამის შესახებ “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ქრისტინე ქარდავას განცხადებით, მამამისი სთხოვდა კატერზე მყოფთ, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რამდენადაც მან ცურვა არ იცოდა. პაატა ქარდავას კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არ მოკლავდნენ, რადგანაც კატერზე მყოფ რამდენიმე პირს იცნობდა და ფიქრობდა, რომ სიტყვას შეაწევდნენ.

„შემდეგ მიიყვანეს ბათუმში ნავმისადგომთან, ჩასვეს კატერში, გაიყვანეს დიდ სიღრმეში ზღვაში და მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში რადგან ცურვა არ იცოდა კიდევ ალბათ იმედი ჰქონდა, რომ არ მოკლავდნენ. იცნობდა რამდენიმე ადამიანს ვინც კატერზე იჯდა და ჰქონდა მათთან კვეთა. ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ისინი რაღაც სიტყვას შეაწევდნენ, რომ არ გინდა რომან“,- განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.

თეა წულუკიანის შეკითხვაზე რომან შამათავასთან ერთად ვინ იმყოფებოდა კიდევ კატერში, ქრისტინე ქარდავამ ჩამოთვალა რამდენიმე ადამიანი, რომელთა შორისაც გიორგი ჩიქოვანი, იგივე „მაიმუნაცაა“, რომელიც სერჟანტ, როინ შავაძის, მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს.

„კატერში ისხდნენ - რომან შამათავა, ალექსანდრე დანელია, ეს არის პიროვნება, რომლებსაც მამაჩემის ტელეფონები ედო სამსახურში, ბახვა ჩიქობავა, რომელიც დღეს თურმე გმირია და მამაჩემი მოღალატე და კატერს მართავდა გიორგი ჩიქოვანი იგივე „მაიმუნა““-განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.