„ნაცმოძრაობა“ პარლამენტის დატოვების მომხრეა - რამდენ ხანს შეიძლება, გასტანოს ქუჩის აქციებმა?

აქცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნისა და მისი უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარტია საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას არ გამორიცხავს და მასშტაბური აქციების ჩატარებასაც აანონსებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მისი პარტიის მიზანია, რომ პარლამენტი არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ მთიანად ოპოზიციამ დატოვოს. როგორც ხერხეულიძე აცხადებს, ამ შემთხვევაში ოპოზიციის ბოიკოტი ეფექტიანი იქნება

„ეფექტური იქნება, თუ მთლიანად ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს. ჩემი პოზიცია არის, რომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, ჩვენ არ უნდა შევსულიყავით პარლამენტში. თუკი ახლა ოპოზიცია მიიღებს პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ სადღაც გარეთ ახალი პროცესი დაიწყება. „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, პრობლემა არ აქვს, უბრალოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, მთლიანად ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი“,  - განაცხადა ხერხეულიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობას“, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ აქვს, როდის გაიმართება მასშტაბური აქციები. როგორც ხერხეულიძე აცხადებს, მისი პარტიისთვის ნებისმიერი აქტივობა მისაღებია, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შეეხება

„აქციებთან დაკავშირებით, კოორდინაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დღიდან გვაქვს. აქციები უნდა იყოს, რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია. ნებისმიერი აქტივობა მისაღებია, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შეეხება“,- განაცხადა ხერხეულიძემ.

რა შედეგი შესაძლოა, ჰქონდეს ოპოზიციის საბრძოლო სტრატეგიას? - როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ოპოზიციის პროტესტს შედეგი არც ამჯერად ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს სტრატეგია შედეგს ვერ გამოიღებს, მისი შედეგი იქნება ნულოვანი. მოსახლეობაში არანაირი განწყობა არ არის პროტესტისა. მხოლოდ რამდენიმე დღე თუ გაძლებს საპროტესტო აქციები, შემდეგ პარტაქტივიც დაიშლება. არავის სცალია, ჩვენს პარტნიორებსაც კი, რომ ამ პროცესში ჩაერთოს. ყველა გადართულია უკრაინის მოვლენებზე“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთ​ვის, პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს აანონსებს. 7 თვიანი პოლიტიკური მღელვარების შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საკანონმდებლო ორგანოში 2021 წლის 8 ივნისს  შევიდა. მაშინ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა.