1728846029
„ნაცების მორიგი გეგმა გაშიფრულია - მზადდება ამბოხი მოსამართლეების მონაწილეობით” - ანალიტიკოსი ოპოზიციის გეგმაზე საუბრობს
„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სქემა გაშიფრულია - პარტია მოსამართლეთა ნაწილს იყენებს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობა, როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში შეამციროს, ამის შესახებ „პრაიმტაითან“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გეგმა სასამართლოში ამბოხის მოწყობას გულისხმობს, რაშიც „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულ მოსამართლეებთან ერთად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.
“ნაციონალური მოძრაობა” სასამართლო სისტემაზე ზეწოლას აგრძელებს. კერძოდ, ნაცების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა მოქმედ მოსამართლეებზე, მათ შორის, უვადოდ დანიშნულებაზე, რომ როცა ხელისუფლებაში მოვალთ, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, სასამართლო სისტემაში არ დაგტოვებთ.
„ნაცმოძრაობის“ სქემა არის შემდეგი, რომ პარტიამ სასამართლო სისტემის მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინოს. ამ სქემაში ჩართულები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოსამართლეების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული, ოჯახური თუ სხვა ინტერესებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ასეთი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში საბოტაჟის მოწყობას ცდილობენ. ამ საბოტაჟს კი სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ხელმძღვანელობს.
ამ გეგმის მიზანია, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, რომ ნდობა შემცირდეს, მათ შორის, დასავლელ პარტნიორებში, რაც ვერ განხორციელდება“,- განაცხადა ბოჟაძემ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ. როგორც "პრაიმტაიმთან" პარტიის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობა" მოსამართლეთა გადაბირებასა და დაშანტაჟებას ცდილობს, სრული სიცრუეა.
"ეს ადამიანები არ არის ექსპერტები, ისინი არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა",- განაცხადა ოპოზიციონერმა.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე – მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით.
ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
"ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნულ ბრალდებებს არ აღიარებს და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს.