LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.
„ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა წლიური ინფლაციის შედარებით გაზრდილ მაჩვენებელზე და განმაპირობებელ ფაქტორებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მიზნობრივ, 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო სურსათის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავენ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება.
„ოქტომბრის თვეში ეროვნულმა ბანკმა განაახლა მაკროეკონომიკური პროგნოზები. მიმდინარე ცენტრალური სცენარით, ინფლაცია დროებით 3%-იანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და 2025 წელს საშუალოდ 4.0 პროცენტი იქნება. თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზაციისა და სურსათის ფასებიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტების მილევის პირობებში, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება,“ - აღნიშნა მან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ, სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე, რაც სებ-მა 2025 წლიდან დანერგა და უფრო გამჭვირვალე გახადა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი, ასევე რისკების მართვა დააფუძნა შესაძლო სცენარების დეტალურ ანალიზს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი რეაგირებს იმგვარად, რომ ნებისმიერი იდენტიფიცირებადი რისკის რეალიზების შემთხვევაში ეკონომიკური დანაკარგი მინიმიზებული იყოს.
„გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია, ხოლო ვითარება - სწრაფად ცვალებადი. შესაბამისად, საგულისხმოა ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები, როგორიცაა ენერგომატარებლებსა და სურსათის ნედლეულზე ფასების, ასევე ტრანსპორტირების ღირებულებისა და რეგულირებადი ფასების ცვლილება, გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაცია და სხვა. ამ რისკების გავლენის მინიმიზაციის მიზნით, ოპტიმალურია მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციისადმი ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება.
საშუალოვადიან პერიოდში კი, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მილევის პარალელურად, განაკვეთი მისი ნეიტრალური დონის, მიმდინარე შეფასებით 7%-ის ფარგლებში, გარშემო დასტაბილურდება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებასა და მის ეფექტიან მართვაზე.
„ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია და ოქროს შესყიდვის მომენტიდან ოქროს ფასის ღირებულების ზრდის შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვები 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა,“ - აღნიშნა მან.
მოხსენების ფარგლებში ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ლარიზაციის პოლიტიკაზე. მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს. სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი დეპოზიტების 50.8 პროცენტი ეროვნული ვალუტაშია დენომინირებული.
სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების ლარიზაცია გაიზარდა. სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი სესხების პორტფელის 57.8 პროცენტი ლარშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკურ პირების სესხების ლარიზაციის მაღალი დონე. კერძოდ, ფიზიკური პირების სესხების 76.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ეროვნული ბანკი დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რაც არა მხოლოდ ცალკეული მსესხებლების სავალუტო და მასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებს ამცირებს, არამედ ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ მოხსენების დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.
შეგახსენებთ, რომ „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. „მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში“ მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.