LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
ლილოს დასახლებაში 2026 წელს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. მშენებლობის ბოლო ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„ლილოს დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რადგან ამ დასახლებაში საბავშო ბაღის დიდი საჭიროება არსებობდა. სამუშაოები რამდენიმე თვეში მთლიანად დასრულდება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე – ეზო მთლიანად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა და კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გვექნება.
პროექტის განხორციელების დროს გარკვეული პრობლემები გვქონდა. კომპანია, რომელიც დღეს სამუშაოებს ატარებს, უკვე მეოთხე კომპანიაა. მანამდე არსებული კომპანიები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მათი გაშვება მოგვიწია“, – აღნიშნა კახა კალაძემ
მშენებლობის ძირითადი ეტაპი დასრულებულია. ამ დროისთვის შენობის აღჭურვა, კეთილმოწყობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ბაგა-ბაღი 12-ჯგუფიანი იქნება და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, ხოლო დასაქმდება 100-მდე ადამიანი. შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები ატრაქციონებითა და საპარკო ინვენტარით.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი მამუკა ხაბარელი.