ნანა კაკაბაძე: ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს

ნანა კაკაბაძე

2003-2012 წლებში ქართველმა ხალხმა თავის მხრებზე გადაიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობის მთელი სიმძიმე და საკუთარი შეფასება მისცა ამ ანტიდემოკრატიულ, ფაშისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედ პარტიას, როდესაც 2012 წელს ჯერ ხელისუფლებიდან ჩამოაშორა ეს ძალა, ხოლო შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ადგილობრივ, საპარლამენტო თუ საპეზიდენტო არჩევნებში მუდმივად სასტიკად ამარცხებდა ამ პარტიას, - განაცხადა ჟენევაში, ადამიანის უფლებათა 57-ე მსოფლიო ფორუმზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

„მე ვარ ნანა კაკაბაძე საქართველოდან, წარმოვადგენ ა/ო ყოფილი პოლიტ პატიმრები- ადამიანის უფლებებისათვის. ჩემი ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საბჭოთა ეპოქის დისიდენტები, რომლებმაც 70-80 წლებში გამოიარეს საბჭოთა ციხეები და ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელეს ფაქტიურად იგივე საქმიანობა (უფლებების დაცვა), რომელსაც დისიდენტობის დროს ეწეოდა.

ჩამოვედი აქ თქვენთან რიგით 57-ე უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ფორუმზე, რათა თქვენამდე მომეტანა ჩემი ქვეყნის ტკივილი. საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო დამოუკიდებლობა, გამოიარა სამოქალაქო ომი და განიცადა გარე აგრესიაც, თუმცა, მე მინდა დღეს გესაუბროთ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი.

2003-2012 წლებში ქართველმა ხალხმა თავის მხრებზე გადაიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობის მთელი სიმძიმე და საკუთარი შეფასება მისცა ამ ანტიდემოკრატიულ, ფაშისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედ პარტიას, როდესაც 2012 წელს ჯერ ხელისუფლებიდან ჩამოაშორა ეს ძალა, ხოლო შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ადგილობრივ, საპარლამენტო თუ საპეზიდენტო არჩევნებში მუდმივად სასტიკად ამარცხებდა ამ პარტიას.

დასავლეთმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროს ყოველთვის იყო არათავისუფალი მსოფლიოს 1/6-ის იმედი და მისი სუვერენიტეტის დაცვის გარანტი, დღეს ფაქტიურად გახდა ამ სუვერენიტეტის შემლახველი. ვგულისხმობ ევროპარლამენტიდან და სხვა ევროპული სტრუქტურებიდან თუ კონკრეტული პოლიტიკოსებიდან მომავალი არაადეკვატურ რეზოლუციებს თუ განცხადებებს, ასევე მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არასამართლიანად და უხეშად ჩარევის ნათელ მაგალითებს. ისინი ქართველ ხალხს უმტკიცებენ, რომ მათ მიერ მრავალჯერ უარყოფილი ანტიდემოკრატიული ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პროდასავლური, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება - პრორუსული. სინამდვილეში ქართველი ხალხის უმრავლესობამ თავის მხრებზე გადაიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მმართველობის მთელი სიმძიმე 2003-2012 წლებში და საკუთარი შეფასება აქვს ამ ანტიდემოკრატიული, ფაშისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედი პარტიის მიმართ. თუ რას მოიცავდა აღნიშნულ წლებში სააკაშვილის და მისი პარტიის მმართველობა, ამას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს მიერ აქ ჩამოტანილ და გავრცელებულ მათი მმართველობის მოკლე განხილვაში.

ამიტომ, ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა ვერასოდეს დაეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურად შეფასებას, რადგან ამის არც ერთი დამაჯერებელი ფაქტი არ არსებობს. მით უმეტეს, როდესაც ამას ემატება ჩვენი დასავლელი „კეთილისმსურველების“ მუდმივი კარნახი და მოთხოვნა იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა არის ჩვენთვის კარგი და რა ცუდი, რა კანონი უნდა მივიღოთ, ანტიდისკრიმინაციული, ლგბტ უფლებების დამცავი თუ ანტიეკლესიური და ა.შ. და ეს მაშინ, როცა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების დღიდან ჩვენ დავიწყეთ და შევცვალეთ ის კანონები, რომელიც არ მოდიოდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ჩვენ მივიღეთ ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია, რომელშიც ერთი თავი დათმობილი აქვს ადამიანის უფლებებს. საქართველოსთან მიმართებით ამ პოლიტიკოსების საჯარო პოზიციებისა და გამონათქვამების შედეგია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველა გამოკითხვებით მოსახლეობის 80-85% პროევროპულად იყო განწყობილი, ბოლო წლებში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან დასავლეთიდან მომავალ ყველა მოთხოვნას თუ რეკომენდაციას.

ისინი ფიქრობენ, თუ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ მმართველობის 9-წლიან ანტიდემოკრატიულ რეჟიმს ჩვენი დასავლელი კოლეგები დასავლური დემოკრატიის სტანდარტების დაცვად მიიჩნევენ, მაშინ ისინი თავს იკავებენ ასეთ დასავლეთში ინტეგრაციისგან. სააკაშვილის დასავლელ ლობისტებს არ აინტერესებთ რომ დღევანდელი საქართველო „ფრიდომ ჰაუსის“ ინდექსით მიჩნეულია სრულიად თავისუფალ ქვეყნად, არც ის, რომ არათუ ჩვენს სამეზობლოს, არამედ თითქმის ნახევარ ევროპას უსწრებს კორუფციის ინდექსით ჩვენი ქვეყანა, ასევე ის, რომ დღევანდელი შეფასებებით საქართველო ევროპის ბევრ და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე წინ არის ბიზნესის კეთების თავისუფლების, ეკონომიკური ზრდის და ტრანსფარენტულობის ინდექსებით, არც ის, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო ხმას აძლევს უკრაინის სასარგებლო გადაწყვეტილებებს, იღებს და პატრონობას უწევს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს, რომ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ხელმოწერას, ასევე ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ბოლოს, სწორედ მან მიიღო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. და ეს ხდება სწორედ ევროპული კრიტერიუმებით და არა ვინმეს საშეღავათო შეფასებებით. ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მიმართ ადგილი აქვს სრულიად არაობიექტურ, მიკერძოებულ და უსამართლო დამოკიდებულებას, რასაც მწვავედ განიცდის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გახშირების მიზეზად დასავლეთში ბევრი იმას თვლის, რომ თითქოს ჩვენთან გაძლიერდა რუსული პროპაგანდა, რასაც ეძახიან რუსული ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილს. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ საქართველოში რუსეთს თავისი ინტერესები გააჩნია და რასაკვირველია, ამ ინტერესების რეალიზაციისთვის თავისი მცდელობებიც ექნება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის მხრიდან დასავლეთის მიმართ ფრთხილი პოზიციების გაჩენა არა იმდენად რუსული პროპაგანდის, არამედ საქართველოს მიმართ სწორედ დასავლეთის გარკვეული წრეებიდან მომავალი გზავნილებისა და მოთხოვნების შედეგია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქართველოში დღეს არ ფუნქციონირებენ რუსული მედიასაშუალებები, ყველა სახელისუფლებო თუ ოპოზიციური მედიასაშუალება ერთხმად აცხადებს, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული ღირებულებების განმტკიცებაა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება, რომელსაც გავლილი აქვს კრემლის დიქტატის ტრადიცია, სწორედ დასავლეთიდან მომავალ გზავნილებს და მოთხოვნებს ადარებს ამ დიქტატს, როდესაც ისმენს, რომ თუ ქვეყანა ამა თუ იმ კანონს არ მიიღებს, ან თუ ამა თუ იმ კრიმინალს არ გაათავისუფლებს, ან თუ ეკლესიის გავლენას არ შეამცირებს, ან თუ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას დემოკრატიულად არ მიიჩნევს, მაშინ ის ვერ ეღირსება ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას.

ასეთი განცხადებები კი ისეთი ინტენსივობით და ქვეყნის მიმართ ზოგჯერ ისეთი უხეში და შეურაცხმყოფელი ფორმებით კეთდება, რომ ჩნდება ეჭვი, სპეციალურად ხომ არ სჭირდებათ ეს დასავლეთში ვიღაცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში გააძლიერონ პრორუსული და ანტიდასავლური განწყობები. იმედია, ჩვენი დასავლელი კოლეგები გაიაზრებენ და გაიზიარებენ, რომ მსგავსი ქმედებები სწორედ რუსული პროპაგანდისთვის ქმნიან ნოყიერ ნიადაგს და საქართველოს მიმართ მომავალში მაინც ექნებათ არა ორმაგ სტანდარტებზე, არამედ თანასწორუფლიანობაზე დამყარებული ობიექტური დამოკიდებულება“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.