თბილისში კაცმა დედა და ძმა მოკლა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
1774334964
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით ულოცავს რამადან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, წელს ეს დღესასწაულები საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს.
წელს ეს დღესასწაულები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა.
განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას.
სწორედ ჭირსა თუ ლხინში ერთად დგომაა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს.
უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.