წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობა და ინტერესია, უზრუნველყოს ენერგეტიკის დარგის ძალიან სწორი განვითარება, რადგან ეს გამორჩეულად პრიორიტეტული სექტორი ქმნის უდიდეს ღირებულებას, რომელიც გადის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე.
„ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივი ძალისხმევით გავზარდოთ ინვესტიციები ენერგეტიკაში, გავზარდოთ შიდა გენერაცია, რომ, უპირველესად, უზრუნველყოფილი იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. ეს არის მთავარი ღირებულება, რაც ჩვენმა ენერგოსექტორმა უნდა შექმნას. ბევრი ახალი ინიციატივა გვაქვს, რომლებსაც მომდევნო პერიოდის განმავლობაში საჯაროდ გავაცნობთ საზოგადოებას“, – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკულ დერეფანში საქართველოს როლსა და ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობებს.
როგორც მინისტრმა თქვა, მინისტერიალზე, რომელსაც თბილისმა რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა, ოთხი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობები, ერთობლივი ძალისხმევით როგორ უნდა მოხდეს რეგიონების დაკავშირებადობა ევროპის ბაზართან, მათ შორის, საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას საინვესტიციო კუთხით და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თავის ღირებულებას შეიტანს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმა რეგიონში გააჟღერა ინიციატივა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით – სწორედ ეს არის ის ქართული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგია პირდაპირ ექსპორტზე გავა ევროპის ბაზარზე. ამ პროექტმა შექმნა ის ღირებულება, რითიც მოტივაცია, ინსპირაცია გაუჩინა რეგიონის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებს და რეალურად, ახალ, უშუალოდ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ნაწილიც არის საქართველო. ეს პროექტი იქნება ფუნდამენტი, რომ საქართველო ელექტროენერგიის ტრანზიტული ჰაბის ფუნქციას კიდევ უფრო მეტად გაიღრმავებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან ძალიან მზარდია საქართველოს ენერგეტიკის სექტორისადმი ინტერესი.
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწორი პროექტები, რადგან იყო არაერთი სამწუხარო ფაქტი, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე მხარეებმა, ფაქტობრივად, ხელოვნურად შეუშალეს ხელი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას.
„ღიად ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ხელისფლება არ დაუშვებს მცდელობასაც კი, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ გაბედოს და შეეცადოს ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების არათუ ხელშეშლას, თუნდაც რეპუტაციული ზიანის მიყენებას“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.