გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 17 პროცენტით შემცირდა - „როიტერი“

აშშ-ის უნივერსიტეტები

„საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის“ (Institute of International Education) გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე 17 პროცენტით შემცირდა.

როგორც „როიტერი“ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, შემცირების მიზეზი სტუდენტურ ვიზებზე ახალი შეზღუდვები და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გახდა.

გამოკითხვა ჩაატარა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო განათლების ინსტიტუტმა“, რომელმაც მონაცემები 825 ამერიკული უნივერსიტეტიდან შეაგროვა.

ბევრი კოლეჯი აცხადებს, რომ ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გრძელმა მოლოდინის დრომ ან ამ წლის დასაწყისში ვიზების გაცემის დროებითმა შეჩერებამ იმოქმედა სტუდენტების მიერ ვიზის მიღების შესაძლებლობაზე. აშშ-ში 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით 1.2 მილიონი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.