მოვუწოდებ ყველა მშობელს, ყველა ახალგაზრდას, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოიჩინონ და არ მოექცნენ დატრენინგებული ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

მოვუწოდებ ყველა მშობელს, ყველა ახალგაზრდას, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოიჩინონ და არ მოექცნენ დატრენინგებული ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია სუსის განცხადებას, რომელიც არჩევნების პროცესის ჩაშლას უკავშირდება.

„ყველამ კარგად ვნახეთ საპოლიციო გამოძიება და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ გამოეცალათ ეს ინსტრუმენტები ხელიდან. ვნახეთ შენობის დაწვის მცდელობა, დამწვარი პოლიციელები. ყველაფერს ეცდებიან, რომ დაიდგას ისეთი სურათი, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაშფოთონ და საზოგადოების გრძნობებზე იმოქმედონ. მოვუწოდებ ყველა მშობელს, ყველა ახალგაზრდას, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოიჩინონ და ნებსით თუ უნებლიედ არ მოექცნენ ამ დატრენინგებული ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ“, - განაცხადა კირცხალიამ.

მსხვერპლი, რადიკალიზაცია და ქაოსი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისა და მათი მოკავშირეების მოსალოდნელი დანაშაულებრივი გეგმა გაასაჯაროვა. სუსის ცნობით, მიზანი პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა და სახელისუფლებო კრიზისის გამოწვევაა. ხელისუფლება საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.