მოსამართლეები ავსებენ დეკლარაციას, ის არის საჯარო და ეს დეკლარაციები მოწმდება მონიტორინგის წესით ყოველ წელს - შალვა პაპუაშვილი ე.წ. „ვეტინგის“ მექანიზმის დანერგვაზე

შალვა პაპუაშვილი

„ეს მოსამართლეები ავსებენ დეკლარაციას, ის არის საჯარო და ეს დეკლარაციები მოწმდება მონიტორინგის წესით ყოველ წელს. შარშანაც, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც აქვთ თანამდებობები, სასამართლოების თავმჯდომარეები და ა.შ. ყველას დეკლარაცია, ისევე როგორც პარლამენტის წევრებისა, მონიტორინგის პირობებში გადამოწმდა“,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომელიც დაინტერესდა რატომ არის მიუღებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძისთვის, ენჯეოების ინიციატივა ე.წ. „ვეტინგის“ მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მოსამართლეები აქამდეც ავსებდნენ დეკლარაციებს და მათი მხრიდან დეკლარაციაში ასახული მონაცემები მონიტორინგს ექვემდებარება.

„არ მხოლოდ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ამ საჯარო დეკლარაციის გადამოწმება, არამედ თავად ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გადაამოწმა ეს დეკლარაციები.

საქართველოს მართლმსაჯულება არის აბსოლუტურად გამართული და ყველგან, სადაც სცადეს ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორებმა, რომ თავს დასხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას, შეგახსენებთ სად ესხმოდნენ: „რუსთავი 2“-ის საქმე, მიხეილ სააკაშვილის საქმე, ნიკა მელიას საქმე, გვარამიას საქმე... არ ვიცი რამდენი საქმე ჩამოვთვალო, სათვალავი მაქვს არეული, ყველა ამ საქმეებში ოპოზიცია, მათი ენჯეოები, მათი მოკავშირე უცხოელი აქტორები ქართულ მართლმსაჯულებას აბრალებდნენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ყველაფერზე უკლებლივ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება წარიმართა სწორად“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდი იმედოვნებდა, რომ ცრუ ბრალდებებისთვის ენჯეოები და მათი უცხოელი აქტორები ბოდიშს მოიხდიდნენ.