მონიტორინგის მისია შეხვდება ყველა ჩართულ მხარეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ გაუჭირდებათ ობიექტური დასკვნის გაკეთება - ლადო ბოჟაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტზე

ვლადიმერ ბოჟაძე

"მონიტორინგის მისია შეხვდება ყველა ჩართულ მხარეს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ გაუჭირდებათ ობიექტური დასკვნის გაკეთება. შეხვედრების დროს გამოიკეთა, რომ მათ არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტს გამოეხმაურა.

"რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ჩვენ არ განვიხილავთ ასეთ ვიზიტებს ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ლეგიტიმაცია ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა", - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ევროპელი კანონმდებლები საქართველოში უკვე მესამე დღეა იმყოფებიან. მონიტორინგის ჯგუფი საქართველოში ოფიციალურად იმ ვალდებულებების შესრულების შესამოწმებლად ჩამოვიდა, რომელიც ქვეყანას ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, შეხვედრებისას საუბარი სხვა მნიშვნელოვან თემებსაც ეხება.