მომჩივნები, როგორც პარიზის, ისე ვაშინგტონის არბიტრაჟში ითხოვდნენ იმის დამტკიცებას, რომ თითქოს ანაკლიის პორტის ვერ განხორციელება იყო სახელმწიფოს ბრალი, თითქოს სახელმწიფომ შეუშალა მათ ხელი - ბექა ძამაშვილი

ბექა

მომჩივნები, როგორც პარიზის, ისე ვაშინგტონის არბიტრაჟში ითხოვდნენ იმის დამტკიცებას, რომ თითქოს ანაკლიის პორტის ვერ განხორციელება იყო სახელმწიფოს ბრალი, თითქოს სახელმწიფომ შეუშალა მათ ხელი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, „ანაკლიის პორტის საქმესთან“ დაკავშირებით ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„თითქოს რაღაც რუსული ჩარევით შეჩერდა ეს პროექტი, თითქოს მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა და ა.შ. ეს ყველა არგუმენტი და ბრალდება, განიხილეს საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში.

იუსტიციის სამინისტრომ ყველა არგუმენტზე წარადგინა მტკიცებულებები, სამართლებრივი არგუმენტები, შესაბამისი პრეცედენტების მითითებით და ორივე არბიტრაჟში სახელმწიფომ მოიგო ეს დავა, რაც გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ არის არბიტრაჟში მითითებული, რომ სახელმწიფოს მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, მათ არაერთხელ გადაუვადდათ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღები იმისთვის, რომ როგორმე ეს პროექტი განეხორციელებინათ და საბოლოოდ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით მათ ვერ შეძლეს ამ პორტის აშენება და პროექტის განხორციელება.

საინტერესო განმარტებას აკეთებს ვაშინგტონის არბიტრაჟი, ის ამბობს, რომ შეუძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში ვინმეს ჰქონოდა მოლოდინი, რომ თუ ისინი ჩაიდენდნენ დანაშაულს, მათ მიმართ სახელმწიფო არ განახორციელებდა შესაბამის რეაგირებას და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები ამ დროს რაიმე პროექტთან იქნებოდნენ დაკავშირებული, თუ რომელიმე პოლიტიკოსთან ექნებოდათ კავშირი.

საბოლოოდ დადასტურდა, რომ სახელმწიფო ამ ნაწილში არის პირნათელი და მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის პორტის საქმეზე“ დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათ საქართველოს 6.5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ