1746733863
მოგვიწევს, ლეგიტიმური კრიტერიუმების მიხედვით ვიმსჯელოთ ცალკეულ პირთა უპირატესობებზე - სარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე

„ბიუროს სხდომაზე დაიგეგმება დღის წესრიგი, თუ როგორ წარიმართება პროცედურები. მას შემდეგ, რაც ბიურო ამ საკითხს შესაბამის სტრუქტურებში გაანაწილებს, გასაუბრებები დაიწყება", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, განაცხადა.
"რასაკვირველია, თავს შევიკავებ წინასწარ იმის თქმისგან, ვის რა უპირატესობები აქვს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ეს პროცედურები კონკურსის პრინციპით წარიმართება. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ლეგიტიმური კრიტერიუმების მიხედვით ვიმსჯელოთ ცალკეულ პირთა უპირატესობებზე“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ.