"მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით" - თინათინ ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ოპოზიცია შტატების გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

"მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით, რათა ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით ვერ შეძლოს.

დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ სანქციების გაფართოებაზე გააგრძელებს მუშაობას,"- აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

სანქციებზე გადაწყვეტილება სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაქვეყნა, რასაც მალევე მოჰყვა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თავის განცხადებაში ამბობს, რომ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს.