მმართველ გუნდში აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა

პარლამენტი

 მმართველ პარტიაში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომელმაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, პრეზიდენტი დაკვეთებს ასრულებს და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე.

„ეს არის პროპაგანდის აკრძალვის თემაზე მიღებული კანონი, რომელიც იცავს საქართველოს იდენტობას, იცავს მის თვითმყოფადობას, იცავს ახალგაზრდობას. რასაკვირველია, პატარა ქვეყნისთვის ეს ცნებები საგანგებოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც პატრიოტიზმი, თუნდაც დამოკიდებულება თავისი წარსულის მიმართ. პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვიღაცის უფლება იზღუდება, სამწუხარო ფაქტია“, - მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

„დავალებაც ჰქონდათ მიღებული, რომ ამ კანონისთვის მხარი არ დაეჭირათ, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც საქართველოში არიან, რაღაც დონეზე გრძნობენ საზოგადოების მოთხოვნას, დაკვეთას და უბრალოდ ვერ გაბედეს ნათელი და თამამი ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, თუმცა დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.