მკაფიო პოზიციაა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით - რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე არ ვაწყობთ არც ჩვენს პოლიტიკას და არც ჩვენს განცხადებებს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე არ ვაწყობთ არც ჩვენს პოლიტიკას და არც ჩვენს განცხადებებს, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მიერ ანექსიის მცდელობას არ დაარქმევდა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას რუსეთის განცხადებებთან დაკავშირებით ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე. კერძოდ, საჭიროა თუ არა ამაზე საქართველოს მხრიდან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება.

„პასუხი არ სჭირდება - მკაფიო პოზიციაა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ამას რისი დაფიქსირება უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ განცხადებებზე არ ვაწყობთ არც ჩვენს პოლიტიკას და არც ჩვენს განცხადებებს. ის, რომ ვიღაცამ შესაძლოა, სათავისოდ, რიტორიკულად გამოიყენოს რაღაც საკითხები, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.