მჯერა, რომ მომავალი მართლაც ჩვენია და აუცილებლად ვიხილავთ ერთიან, ძლიერ საქართველოს - კალაძე

კალაძე

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა. ამას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„31 წლის წინ, ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, აღდგენილიყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რასაც იმავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღება მოჰყვა.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები იყო დასტური, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია დამოუკიდებლობის დაკარგვას და 70 წლის შემდეგ, მან მაინც შეძლო თავისუფლების მოპოვება.

ჩვენი ქვეყნის ისტორია შეგვახსენებს, რომ ნებისმიერი დამპყრობლის შემთხვევაში, საქართველო ყოველთვის იბრუნებდა თავისუფლებას და ყოველ ჯერზე ახერხებდა, ხელახლა აღმდგარიყო ფერფლიდან. მჯერა, რომ მომავალი მართლაც ჩვენია და აუცილებლად ვიხილავთ გამთლიანებულ, ერთიან და ძლიერ საქართველოს. გილოცავთ ამ ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს!“, - წერს კალაძე.