მიზანი მათი დაკავება და დაჭერა არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების გარიდება - სულხან თამაზაშვილი

 სულხან თამაზაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში "ბეშიქთაშისა" და "ჰა პოელ ბეერ შევას" მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებზე და დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საპოლიციო ღონისძიების მიზანი არ ყოფილა ქომაგების დაკავება და სამართალდამცველები მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოქმედებდნენ.

"დაკავებულებთან დაკავშირებით ისევ მომიწევს, რომ დავუბრუნდე იმ საუბრის შინაარსს [თურქ კოლეგასთან], რომ მქონოდა ეს ჩანაწერი, აუცილებლად მთელ ჩანაწერს გამოვაქვეყნებდი. მსგავსი კითხვა არ დაუსვამს ჩემს კოლეგას, თუმცა მე ვუთხარი, რომ ამდენმა პოლიციელმა მიიღო დაზიანება და ამდენი ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული, თუმცა ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში, საპოლიციო ღონისძიების დროს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ქომაგების დაკავება, ზოგადად ქომაგების გადაჭარბებული ემოციები და აგრესია ცნობილია, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და არც გუშინდელი დღე არ იყო გამონაკლისი.

აქედან გამომდინარე, მიზანი ამათი დაკავება და დაჭერა არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების გარიდება იქედან.

თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად, ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი, შედეგში ვგულისხმობ, მათ შორის შესაძლებელია, ამაზე იმსჯელებს სასამართლო, აეკრძალოთ მათ ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ამ ეტაპზე გათავისუფლებული არიან.

✕