მიუღებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში - ალექსანდრე წულაძე

ალექსანდრე წულაძე

ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

„სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც. შესაბამისად, ყველა სკოლა, თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს.

სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა. პირადად მე ვთვლი, რომ სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი და განაგრძონ ვალდებულებების შესრულება“, - აღნიშნა წულაძე.