მიშო ჯავახიშვილი: ყველას, ვისაც სურვილი ექნება ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვის, საკრავების შესწავლის, შეუძლიათ, რომ „არტოს ბაღში“ მობრძანდნენ და როგორც „მართვეში“, ასევე „რუსთავის“ ბავშვთა მიმართულებაში მიიღოს მუსიკალური განათლება

მიშო

 ანსამბლ „რუსთავსა“ და ანსამბლ „მართვეში“ განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე „იმედინიუსთან“ ანსამბლ „რუსთავის“ ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიშო ჯავახიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გუშინ ანსამბლ „რუსთავში“ ახალი ხელმძღვანელობა წარადგინა.

„სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია დავიკავე მე და ანსამბლის დირექტორად დაინიშნა ია მაქაცარია, რომელიც ანსამბლ „რუსთავის“ ყოფილი მოცეკვავეა. ჩვენ ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედების კიდევ უფრო მრავალფეროვნებისთვის, კონკრეტული გეგმებისა და ანსამბლის შემოქმედებითი გზის გასამტკიცებლად უკვე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას.

რაც შეეხება ანსამბლ „მართვეს“, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს, იქ მე ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი და ჩემი გადაყვანის შემდეგ, სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერი ქუტიძე, რომელიც ანსამბლს დაარსების დღიდან, 47 წელია მოჰყვება. იგი უხელმძღვანელებს ანსამბლს. მასთან ერთად ანსამბლის დირექტორი იქნება ანსამბლ „ბასიანის“ წევრი ირაკლი ტყვაცირია. ფაქტობრივად, ერთობლივად, მხარდამხარ ანსამბლი „რუსთავი“ და ანსამბლი „მართვე“ ერთად გააგრძელებენ, ერთ სივრცეში, „არტოს ბაღში“, მუშაობას.

ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, რომელიც უკავშირდება თავად ანზორ ერქომაიშვილს, ფრიდონ სულაბერიძეს - მოგეხსენებათ, მომღერლები, მოცეკვავეები და მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული ანსამბლი „რუსთავი“. „მართვეს“ ბოლო პერიოდში უფრო მეტი ბავშვი მოემატა, ასევე, იქ მოსამზადებელი ჯგუფებია. „რუსთავს“ ქორეოგრაფიული მიმართულებით ჰყავს ბავშვთა ნიჭიერი შემადგენლობა და ვიწყებთ ახალი შემართებით ანსამბლის ახალ შემოქმედებით გზას“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით შანიძეს, რომელიც ასევე ანზორ ერქომაიშვილის გაზრდილია.

„ბატონი დავით შანიძე ქართული ხალხური სიმღერის მაღალი დონის შემსრულებელია. კარგად იცის ანსამბლი „მართვე“ და ანსამბლი „რუსთავი“. გარკვეული პერიოდი ის გახლდათ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ჩემთვის პატივია, რომ ამ განხორციელებული ცვლილებით, ანსამბლის ხელმძღვანელობას ვიბარებთ მე და ია მაქაცარია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. სადაც ანზორ ერქომაიშვილისა და ფრიდონ სულაბერიძის სახელია, იქ აუცილებლად იქნება დიდი საქმე!“, - აღნიშნა ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა.

ჯავახიშვილის განმარტებით, ანსამბლ „მართვეში“ ბავშვების მიღება პერიოდულად მუდმივად ხდება ცეკვის, სიმღერის, გალობის, თეატრალური, საკრავიანი მუსიკის მიმართულებებზე.

„რაც შეეხება ანსამბლ „რუსთავს“, ქორეოგრაფიული მიმართულებით ჰყავს მრავალრიცხოვანი ჯგუფი. შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები, რათა უფრო ეფექტური იყოს მიდგომები.

ყველას, ვისაც სურვილი ექნება ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვის, თეატრალური ხელოვნების დაუფლებისა და საკრავების შესწავლის, შეუძლიათ, რომ „არტოს ბაღში“ მობრძანდნენ - 5 წლიდან უფროსი ასაკის ჩათვლით და როგორც „მართვეში“, ასევე „რუსთავის“ ბავშვთა მიმართულებაში მიიღოს მუსიკალური განათლება“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

„რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, გია ყანჩელის სახელობის „არტოს ბაღში“ არსებულ სივრცეში, 47 წლის წინ დაარსდა „მართვე“. შემდეგ მას შეუერთდა ანსამბლი „რუსთავი“ და დღემდე აღნიშნულ სივრცეში ორი სახელმწიფო ორგანიზაცია ერთად ფუნქციონირებს.