მინდა ვუთხრა ევროკავშირს, დიახ, ნამდვილად ბევრი ადამიანი იყო აქციაზე, თუმცა გაცილებით მეტია, ვისაც სურს ევროინტეგრაცია - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

"ქართული ოცნების" განცხადებით, გუშინდელ აქციაზე შეკრებილები იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანები, თუმცა მათივე თქმით, გაცილებით მეტია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ევროპაში სურს ყოფნა.

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში რასაც ვაკვირდებოდი, ბუნებრივია იყო ერთსულოვნება. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ევროკავშირს, რომ მიუხედავად იმისა, გუშინ დიახ, ნამდვილად ბევრი ადამიანი იყო აქციაზე, გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობა, რომლის სურვილიც არის ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად გავიდეთ, თავიდან, ცოტა მეც მეგონა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ჰყავდა აქციას, თუმცა როდესაც ჩართვა ვნახე "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების, მერე უკვე მივხვდი. იყო რევოლუციური მოწოდებები, ეს ეტყობა მაინც გაეპარათ", - აღნიშნავს  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

მმართველი პარტიის წევრები ასევე აქციის პოლიტიკურ მიკუთვნებულობასთან დაკავშირებით საუბრობენ და აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზატორები "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული პირები იყვნენ.

"საქართველოს მოსახლეობის 80% არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები ადამიანები, სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები და მათ შორის, პირადად ჩემი მეგობრები, რომლებიც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის სრულფასოვან წევრობას. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ "ნაციონალური მოძრაობასთან" აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი, როგორც აპოლიტიკური. ყველა მიხვდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის იქ მისვლა, მხოლოდ აქციის დისკრედიტაციას ახდენს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.