მინდა საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა მეგობარი უკრაინის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაციები იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, ეს იქნება კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშნები იმისი, თუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა რამდენად არის გადასვლა პროვოკაციაზე, რაზედაც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.

ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება.

ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და განიცდის დღემდე ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.