მინდა, ოპოზიციას არჩევნებში მორიგი მარცხი მივულოცო - კახა კალაძე

kaxa kaladze

"ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სხვათა შორის, რომ არ დამავიწყდეს, კიდევ მინდა მათ არჩევნებში მორიგი მარცხი მივულოცო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"რასაც ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ და ცხადია, ეს ყველას არ ეხება, ამაზრზენია. აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანები და ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქვეყნის მტრები არიან და ჩვენ არა ერთი განცხადება, არა ერთი ქმედითი ნაბიჯები გვინახავს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუმცა, რაც არ უნდა იწვალონ, რაც არ უნდა გააკეთონ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე. საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ყველა პლატფორმაზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იყოს უკრაინის მხარდაჭერა. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით და მომავალში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ.