მიხვდნენ, დარწმუნდნენ ელჩებიცა და მათი პატრონებიც, რომ საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა რევოლუციურ პროცესებს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ელჩები კარგს ვერ იტყოდნენ აქციის მონაწილეებზე. შესაბამისად, ვერაფერი თქვეს, რადგან თვითონ ახალისებდნენ ნოემბერში, დეკემბერში და მანამდეც. მათი დაფინანსებული და წახალისებული იყო ეს აქციები. შესაბამისად, ამიტომ არიან ჩუმად, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მან ისაუბრა, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, რატომ არ აკეთებენ კომენტარს საქართველოში აკრედიტებული ელჩები. მისვე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ 2-3 წლის წინ „ისინი პირიქით აცხადებდნენ, რომ ძალადობრივი აქციის მონაწილეები, თურმე გამოხატვის თავისუფლების ფორმატში იყვნენ და პოლიციურმა ძალებმა პროპორციულ ძალას გადაამეტეს“.

„ამას ახლა ვეღარ აკეთებენ, რადგან მიხვდნენ, დარწმუნდნენ ელჩებიცა და მათი პატრონებიც, რომ საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა რევოლუციურ პროცესებს. ჯერ ერთი, აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა დღევანდელ ეროვნულ ხელისუფლებას და ვინც პოლიტიკურად არ უჭერს მხარს დღევანდელ ხელისუფლებას, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა რევოლუციურ პროცესებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ სამწუხაროდ, ისეთი როლი ერგო დღევანდელ ბევრ ელჩს, „საბედნიეროდ, არა ყველას, რომ თუ ცუდი არ თქვეს, საქართველოს ხელისუფლებაზე კარგს ვერ იტყვიან“.

„გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ კარგს ვერ იტყოდნენ აქციის მონაწილეებზე. შესაბამისად, ვერაფერი თქვეს, რადგან თვითონ ახალისებდნენ ნოემბერში, დეკემბერში და მანამდეც. ცუდს ვერ იტყოდნენ, რადგან მათი დაფინანსებული და წახალისებული იყო ეს აქციები. შესაბამისად, ამიტომ არიან ჩუმად“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მათი დიპლომატიური ფუნქციების შეურაცხყოფაა.

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.