1759659123
მოწესრიგებული საარჩევნო სივრცე, უსაფრთხო უბნები და ხმის ფარულობის მაქსიმალური დაცულობა, ელექტრონული ტექნოლოგიები და გამჭვირვალე გარემო - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება

მოწესრიგებული საარჩევნო სივრცე, უსაფრთხო უბნები და ხმის ფარულობის მაქსიმალური დაცულობა, ელექტრონული ტექნოლოგიები და გამჭვირვალე გარემო - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები იმ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებმაც, მათი შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარება განაპირობა.
დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებენ საქართველოში მოქმედ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას. ამბობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენება საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით გაცილებით მაღალ საფეხურზე აყენებს.
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს სადამკვირვებლო მანდატი პოლიტიკური შეფასების უფლებას უზღუდავს, თუმცა ამ ფაქტის მიუხედავად, ზოგიერთმა მათგანმა არ დამალა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად განსხვავდება დასავლურ პრესაში გაჟღერებული ცნობებისგან.
მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 061 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. სადამკვირვებლო მისიები, დედაქალაქთან ერთად, რეგიონებშიც იმყოფებოდნენ. თბილისის მსგავსად, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასებები რეგიონებშიც გაკეთდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 8 184 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდებოდა - ჯამში 55 ორგანიზაციიდან. არჩევნების მიმდინარეობას ასევე აშუქებდა 73 მედია ორგანიზაციის 984 წარმომადგენელი.