1750863950
მიხეილ ყაველაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე: „ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“

საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს „ჯარის ბანაკის“ გახსნა მიულოცა და უნიკალურ პროექტში მათ წარმატებები უსურვა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას მიხეილ ყაველაშვილი პრემიერ-მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მომავალი თაობა გაეცნოს ქართული ჯარის ცხოვრების წესს და სამხედრო სწავლების სხვადასხვა მიმართულებებს.
„უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა, გაიღეს მთავარი, სიცოცხლე იმისათვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა. ეს პროცესი გრძელდება, ჩვენი ჯარიც, ქვეყანაც ძლიერდება და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გავძლიერდებით. დარწმუნებული ვარ, „ჯარის ბანაკში“ გატარებული პერიოდი მთელი ცხოვრების მანძილზე დაგამახსოვრდებათ,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ქვეყნის მთავარსარდალმა სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ გარდა ამ უნიკალური პროექტისა, სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანის პროცესიც დაწყებულია, რაც წარმატებით მიმდინარეობს.
„წლიდან წლამდე სკოლების რაოდენობა გაიზრდება. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამხედრო სწავლება იყოს სავალდებულო მომავალში, ჩვენი მიზანია რომ ეს მიმართულება გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან ახლო და მათ ჰქონდეთ ელემენტარული ზოგადი ცოდნა თუ რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა და რა უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ფუნქცია თუ დასჭირდა სამშობლოს და რას უნდა წარმოადგენდეს მათი როლი საქართველოს თავდაცვაში. რა თქმა უნდა, ჯარის ბანაკი უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის და კეთილი შურით მინდა განვაცხადო, რომ თქვენი ასაკის წარმომადგენელი , რომ ვყოფილიყავი, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ პროექტში,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ქვეყნის პრეზიდენტმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ერს თავისუფლების ფასი არ ესწავლება. მისივე განმარტებით, არ არსებობს თავისუფლება, მითუმეტეს ქართველისთვის, სამშობლოს გარეშე.
„მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელი და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე. დარწმუნებული ვარ წარმატებულები იქნებით თქვენ თქვენს დარგში, მაგრამ აუცილებლად სამშობლოსთან ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი, სამშობლო სულ მუდამ თან უნდა გდევდეთ, ნებისმიერ თქვენს წარმატებაში,“-აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
დასასრულს, ქვეყნის მთავარსარდალმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეროვნული სამხედრო ფორმის ტარებაზე დიდი სიამაყე არ არსებობს.