მიხეილ სააკაშვილს ახალი სიმპტომები აქვს - ნიკა გვარამია

სააკაშვილი

სააკაშვილს ახალი სიმპტომი - თერმორეგულაციის დარღვევა აქვს. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ცივი წყლის დალევისას კანკალი ეწყება, ჩაის დალევისას კი ოფლდენა.

„ოჯახის წევრები კიდევ კარგი, რომ ვერ შედიან და ამას ვერ ხედავენ. მას ახალი სიმპტომები აქვს, მე მიწევს ამის გახმოვანება, რადგან ექიმებს შიგნით არ უშვებენ, ეს ახალი სიმპტომებია თერმორეგულაციის მორღვევა, ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ეწყება ოფლდენა. შესაბამისად, ახალი პრობლემა დაემატა, თავისთავად ცხადია, სიმპტომია თერმორეგულაციის დარღვევა, ამასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალი რას იტყვის, არ ვიცი, მოვისმენთ ალბათ, კომენტარს.

პლიუს ამას, პიკური მდგომარეობა აქვს წნევების, იცით რომ დავარდნილი იყო, ახლა ისევ პიკურ მდგომარეობაშია, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, უბრალოდ სიმპტომებს ვყვები. რაც ძალიან ნიშანდობლივია, მუდმივი სიცხე აქვს, 37-დან 37,5-მდე, რაც, ჩემი აზრით, ცხადყოფს იმას, რომ რაღაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში, არ ვიცით რა, ამას ისე ვამბობ, როგორც სიმპტომს, ექიმებისთვის განსახილველად“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღეს, სამუშაო საათებშიც კი, ციხის ექიმი, ნანა მიქავა იქ არ იმყოფებოდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი ექთნის იმედად იმყოფებოდა.

„მის ექიმთან, ნანა მიქავასთან გასაუბრება მოვითხოვე, ამის შესაძლებლობა არ მომეცა, მივმართავ ქალბატონ ნანას, სააკაშვილისთვის კაბინეტში რამის თქმა საკმარისი არ არის, გამოვიდეს და თქვას, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ვიცით, რომ ის მიიჩნევს, რომ აქ მისი მკურნალობა შეუძლებელია და როგორც მინიმუმ, რეფერალურ კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი. რეფერალურ კლინიკას რაც შეეხება, პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ექიმების დასკვნებიდან გამომდინარე, ის უნდა იყოს რეფერალურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანილი, მოხდეს მისი მძიმე მდგომარეობის კონსერვაცია, იქ მას შეიძლება სიმპტომები მოეხსნას, მაგრამ იქ მას ვერ უმკურნალებენ. რეფერალურ კლინიკაში გადაყვანას საზღვარგარეთ გადაყვანის ალეტრნატივად არ მივიჩნევთ, რეფერალური კლინიკა მას მოუხსნის სიმპტომებს და მარტივად, რომ ვთქვათ, ის ხვალ არ მოკვდება. იმის შანსი, რომ ის საქართველოში გამოჯანმრთელდეს, არ არსებობს.

მე ხვალაც მოვითხოვ, ქალბატონ ნანა მიქავასთან გასაუბრებას, ამის უფლება, მე როგორც ადვოკატს, მაქვს. დღეს გვითხრეს, რომ ის აღარ არის კლინიკაშიო, წარმოიდგინეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტია და უკვე ექიმი აღარ არის და იყო ექთანი, ჩვეულებრივი საფერშლო პუნქტია, სკოლაში იოდს და „ზილიონკას“, რომ გვისვამდნენ ფეხს თუ გადავიტყავებდით და წავიქცეოდით, ზუსტად ეს მდგომარეობა არის ამ ციხეში. ექიმი, რომელიც სააკაშვილთანაა, ის აქ არ არის არც მუდმივად, არც ღამე და დღეს მითხრეს, რომ უკვე 17:00 საათზეც აღარ იყო. მივმართავ ციხის ადმინისტრაციასაც და ქალბატონ ნანა მიქავასაც, ამასთან დაკავშირებით, ხვალ გამესაუბროს, ამის მოთხოვნის და გასაუბრების უფლებაც მაქვს, ასევე გააკეთოს საჯარო განცხადებები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მკურნალობასთან დაკავშირებით, როგორ ხედავს პერსპექტივას და ხედავს აქ თუ არა.

დღეს მიხეილ სარჯველაძემ თქვა, პოლიტიკური საფუძვლით გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობსო. ჩახედოს ბატონმა სარჯველაძემ ყველა პროცესზე რა შუამდგომლობები დგება დაცვის მხარის მხრიდან 191-ე პრიმა მუხლით და დღეს უკვე, ყველა განცხადება, სასჯელის გადავადებასთან, მკურნალობის შეცვლასთან დაკავშირებით შესულია. ახლა მაინტერესებს ბატონი სარჯველაძე რას იტყვის, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა და რომელიც თავის დროზე იყო კარგი ადამიანი, იმედის მომცემი იურისტი, დღეს, რად ჩამოყალიბდა, ვხედავთ. ახლა მაინტერესებს, მისი პასუხი რა იქნება, იმაზე მაინც გაგვცეს პასუხი, აბსოლუტური უფლება რომ აქვს ციხეში მყოფ პაციენტს ალტერნატიული ექსპერტიზის მოთხოვნის შემთხვევაში, იქ დაშვებული იყოს დაუყოვნებლივ ექსპერტიზა, ეს რატომ არ ხდება, ამაზე გაგვცეს პასუხი ბატონმა სარჯველაძემ, იურიდიულმა და ჯანდაცვის კომიტეტმა“, - განაცხადა გვარამიამ.